19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ - მთავარეპისკოპოსი იაკობი პანსიონზე

პუბლიკა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება. მისივე ინფორმაციით, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. მეუფე იაკობმა ჟურნლისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა თუ რა კრიტერიუმების მიხედვით გაუშვეს ან დატოვეს აღმზრდელები დაწესებულებაში.

„ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ… ვისაც წასვლა უნდა, არავის ვაჩერებთ, ველოდებით, როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, სრულად რომ ჰქონდეს მომსახურება, არაფერი მოაკლდეთ, იმიტომ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ”, – თქვა მან.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. 14 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.