გუმათჰესთან პოლიცია რკინის ბარიკადების აღებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების განცხადებით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბარიკადების აღება არის ერთ-ერთი წინაპირობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მედიაციის დასაწყებად.
პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პარასკევამდე უნდა ეთქვათ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ.
როგორც მედიატორის, დირკ ბუშლეს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.
ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებდა, თუ პოლიცია ბარიკადებს აიღებს, ისინი გადაინაცვლებენ სოფელ ნამოხვანში. აქტივისტები აღარ იქნებიან იმ 7 ლოკაციაზე, საიდანაც კომპანიის მანქანებს გადაადგილებას უზღუდავდნენ. შემდეგ კი შეხვედრების ფორმატში დააყენებენ საკითხს სამუშაოების შეჩერების შესახებ.