საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს - კვლევა

პუბლიკა

„ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა ახალი კვლევა წარადგინეს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა. ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების არარსებობა კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს.

კვლევის ეს შედეგები, სხვა მონაცემებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დღეს, ონლაინშეხვედრაზე წარადგინეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნეგატიურ გავლენაზეც, რომელიც პანდემიისას ოჯახში დასაქმებულთა სამუშაოზე აისახა. შეზღუდვებისა და დამსაქმებლებში ვირუსის მიმართ არსებული შიშის გამო, მათმა უმრავლესობამ ან საარსებო სახსრები დაკარგა, ან შემცირებულ ანაზღაურებას იღებს.

კვლევის მიხედვით, ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის. ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ ოჯახში დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და უფლებები ნაკლებადაა დაცული, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სასამართლოს, სახალხო დამცველს ან შრომის ინსპექციას არ მიმართავენ.

კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა. საბოლოოდ, მისმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასქმებულთა უფლებების დასაცავად.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.