იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მას შემდეგ, რაც თანამდებობას დატოვებს, არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს. – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაცია სასამართლოს საკითხებზე იმუშავებს.
„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, რომ 4-წლიანი მუშაობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი, შევეგუო იმ სიტუაციას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლოშია. ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ახალი, განსხვავებული მიდგომით და რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას. მთავარი მიზანი ჩემი საქმიანობისა იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი“, – განაცხადა მან.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღეს მას ბოლო სამუშაო დღე აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.