მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდა

პუბლიკა

პარლამენტის 78-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდა.

არსებული მდგომარეობით, კანონპროექტის მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე იყო გაგრძელებული. ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, ვადის გაგრძელებით „მთავრობას პარლამენტის მხრიდან შეუნარჩუნდება ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.“