რა არის დელტა ვარიანტი?
დელტა ვარიანტით, ეგრეთ წოდებული ინდური შტამით (B.1.617.2) გამოწვეული Covid-19-ის შემთხვევები პირველად დასავლეთ ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში 2020 წლის ოქტომბერში ამოიცნეს. მას შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა მთელ ინდოეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ბევრგან უკვე დომინანტურ შტამად ყალიბდება და წინამორბედ ვარიანტებს ანაცვლებს.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დელტა ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ იარლიყი მიანიჭა. შემაშფოთებელი ვარიანტი ეწოდება შტამს, რომლის შესახებაც გვაქვს გაზრდილი გადამდებობის, შეცვლილი კლინიკური მიმდინარეობის, გახშირებული ჰოსპიტალიზაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების დაქვეითებული ეფექტიანობის ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების მიერ ვირუსის ნეიტრალიზაციის დაქვეითების მტკიცებულებები. ჯანმოს, ამ დრომდე, ოთხი ასეთი ვარიანტი აქვს ამოცნობილი: ალფა (B.1.1.7), ბეტა (B.1.351), გამა (P.1) და დელტა (B.1.617.2).
დელტა ვარიანტი ბევრ მუტაციას შეიცავს. ამ დროისთვის მეცნიერებს დეტალურად არ აქვთ შესწავლილი მათი ფუნქციები, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ასოცირებულია ვირუსის უნართან, მიემაგროს ჩვენს უჯრედებს და ეხმარება ვირუსს, თავი აარიდოს იმუნური პასუხის ზოგიერთ მექანიზმს.
რატომ გახდა დელტა შტამი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი?
დელტა ვარიანტი, ჯანმოს მიერ 21 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად: არსებულთა შორის ყველაზე სწრაფი და უკეთ ადაპტირებული შტამია, რომელიც მაღალი გადამდებობის გამო პოტენციურად უფრო ფატალურია, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს „ამოარჩევს“ და განსაკუთრებულად დიდ საშიშროებას წარმოადგენს ვაქცინაციის დაბალი ტემპის მქონე ქვეყნებში.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო აღნიშნავს, რომ დელტა შტამი გამოირჩევა უფრო მაღალი გადამდებობით. შოტლანდიაში წარმოებული მასშტაბური კვლევის თანახმად, დელტა შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა (ანუ ბრიტანული, კენტის საგრაფოში აღმოჩენილი ვარიანტი) და 97%-ით უფრო გადამდები, ვიდრე თავდაპირველი, ვუჰანის შტამი.
მაღალია დელტა შტამთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის რისკიც. Მას აქვს 2.4 -2.6-ჯერ უფრო მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ვიდრე ალფა (ბრიტანულ) შტამს, რომელიც, თავის მხრივ, 64%-ით უფრო მაღალ ჰოსპიტალიზაციასთანაა ასოცირებული, ვუჰანის თავდაპირველ შტამთან შედარებით. ანუ, ვუჰანის შტამთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის რისკი ამ შემთხვევაში 4.1-ჯერაა გაზრდილი.
სად არის გავრცელებული დელტა შტამი?
ამ დროისთვის დელტა ვარიანტი 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, ექსპონენციალურად იზრდება და სწრაფად ანაცვლებს სხვა შტამებს. ამ მომენტისთვის დელტა შტამი უკვე შემთხვევათა >96%-ს წარმოადგენს სამ ქვეყანაში: გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, პორტუგალია. საქართველოში 19 ივნისის მონაცემებით, დელტა შტამით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული.
დელტა შტამი განსაკუთრებულ საფრთხეს აუცრელი ქვეყნებისთვის წარმოადგენს, თუმცა მისმა სწრაფმა გავრცელებამ გარკვეული პრობლემები წარმოქმნა მსოფლიოში ყველაზე აცრილ ქვეყნებშიც კი. ისრაელში 22 ივნისს დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, გასული ორი თვის ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი გამოვლინდა. Რამდენიმე ლოკალური ეპიდაფეთქების შედეგად კორონავირუსით 125 ადამიანი დაავადდა. ახალი შემთხვევების 70% დელტა ვარიანტი იყო. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ ტელევიზიებს უთხრა, რომ ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვები იყვნენ, ხოლო მესამედი აცრილი იყო.
დელტა შტამის შემთხვევების მატების გამო, ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრმა ბორის ჯონსონმა შეზღუდვების შემსუბუქება ოთხი კვირით გადადო. შეზღუდვების უმეტესობა ბრიტანეთში 21 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს მოიხსნება.
სწრაფად ვრცელდება დელტა შტამი აშშ-ის შედარებით ნაკლებად აცრილ შტატებშიც, სადაც ექსპერტები შიშობენ, რომ ის ამ თვის ბოლომდე დომინანტურ შტამად ჩამოყალიბდება. თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის თანახმად, დელტა ვარიანტი „წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს აშშ-ის მცდელობაში, აღმოფხვრას კოვიდი“.
აცრილი ვარ, მაინც უნდა ვინერვიულო?
კვლევები მიუთითებს, რომ ორჯერ აცრა დელტა შტამისგან არსებით დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ვაქცინების ეფექტიანობა მის წინააღმდეგ ოდნავ ნაკლებია. ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა აცრიდან ორი კვირის შემდეგ 79%-ით ეფექტიანია სიმპტომური დაავადების პრევენციაში მაშინ, როცა ალფა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტიანობა 92% იყო. შემცირებულია ასტრაზენეკას ეფექტიანობაც, რომელიც სიმპტომური მიმდინარეობისგან ამ შტამის წინააღმდეგ 60%-ით გვიცავს, თუმცა იმედისმომცემია PHE-ის მომდევნო კვლევა, რომლის თანახმადაც, ფაიზერი ჰოსპიტალიზაცისა და მძიმე მიმდინარეობისგან 96%-ით გვიცავს, ხოლო ასტრაზენეკა – 92%-ით. დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინების – სინოფარმისა და სინოვაკის ეფექტიანობის შესახებ მონაცემები, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.
ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორიც სხვა შტამებს?
დაავადების სიმპტომ-კომპლექსი შეცვლილია. დელტა ვარიანტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია თავის ტკივილი; შემდეგ სიხშირით მოდის ყელის ტკივილი, სურდო და ცხელება. შედარებით იშვიათია სიხშირით მეხუთე სიმპტომი, ხველა. ხოლო გემოსა და ყნოსვის დაკარგვა ტოპ 10-შიც არ კი შედის. ადამიანები დელტა შტამს ხშირად „გაციების ცუდ ვერსიად“ ახასიათებენ.
რისი გაკეთება შემიძლია?
დაიცავით დისტანცია; ატარეთ პირბადე და რაც მთავარია – აიცერით! თუ უკვე აცრილი ხართ, წაახალისეთ თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები, რათა აიცრან. ვაქცინაცია შეანელებს ყველა შტამის გავრცელებას და ამცირებს იმის ალბათობას, რომ კიდევ უფრო სახიფათო შტამი წარმოიქმნას.