რუსული ბაზა გიუმრიში — რამდენად რეალურია მისი გაყვანა და რას შეცვლიდა ეს რეგიონში

სოფო აფრიამაშვილი

ოფიციალურ ერევანსა და მოსკოვში გასულ თვეში კვლავ გააქტიურდა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიდან რუსეთის უკანასკნელი სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი. 

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშიანმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გიუმრიში რუსულ სამხედრო ბაზას „სასიცოცხლო აუცილებლობად აღარ მიიჩნევს”. თუმცა თუ მოსკოვი ქვეყანაში დარჩენის სურვილს გამოხატავს ამ შემთხვევაში განხილვისთვის მზად არიან, თუ გაყვანის სურვილს გამოთქვამს, მზად არიან, რომ ამას არ შეეწინააღმდეგონ. 

ეს ბაზა სომხეთში ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდანაა, 2010 წელს განახლებული შეთანხმების საფუძველზე კი გიუმრიში რუსი სამხედროები კიდევ 18 წელი, 2044 წლამდე უნდა დარჩნენ. 

ბაზის თავდაპირველი დანიშნულება სომხეთისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 2020 წელს ყარაბაღში განახლებული საომარი მოქმედებების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამაზე სომხეთში აქტიურად საუბრობენ. ბაზას ნაკლებმნიშვნელოვნად აღიქვამენ რუსეთშიც, თუმცა რამდენად რეალურია ქვეყნიდან რუსი სამხედროების საბოლოოდ გასვლა და აწყობს თუ არა ეს რომელიმე მხარეს?

 

რას წარმოადგენს სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის რიგით მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, გიუმრიში არსებულ ბაზასა და ერევანთან ერებუნის სამხედრო აეროპორტს აერთაინებს, სადაც რუსული საჰაერო ძალები არიან განლაგებული. ბაზა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს შეიქმნა. ამ დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო.

ბაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმებას ხელი 1995 წელს მოეწერა და მისი ამოცანა ერთდროულად იყო რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნება, მისი ინტერესების დაცვა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

ბაზის მნიშვნელობას წლების განმავლობაში მისი მდებაროებაც განაპირობებდა — ის გიუმრის დასავლეთ განაპირას, თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრითაც არაა დაშორებული. თურქეთი კი დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის მოწინააღმდეგე იყო. 

რაც შეეხება მის მნიშვნელობას რუსეთისთვის, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად მასთან ახლოს მდებარე რუსული სამხედრო ბაზა მოსკოვისთვის გეოგრაფიულად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და როგორც ექსპერტები განმარტავენ, მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში უშუალოდ სამხედრო პლაცდარმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. 

მეორე მხრივ, ბაზის შექმნის მომენტში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სომხეთისთვისაც, რადგან იმ დროს უკვე დაწყებული ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე სომხეთში პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დომინანტური პოზიციის მქონე რუსეთის წარმომადგენლობა გარკვეულ გარანტიებს იძლეოდა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის.

„იმდროინდელ ვითარებაში ბაზის ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორები იყო სომხეთ-აზერბაიჯანის დაუმთავრებელი კონფლიქტი, თურქეთთან ჩაკეტილი საზღვარი და მოსკოვის სურვილი არ დაეშვა გავლენის ვაკუუმის წარმოქმნა სამხრეთ კავკასიაში. 

დაარსების დღიდანვე ბაზა რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობის საყრდენი პუნქტის ფუნქციას ასრულებდა”, — განმარტავს „პუბლიკასთან” ედუარდ არაკელიანი, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების სომეხი ანალიტიკოსი. 

მართალია, ფორმალურად ბაზის ამოცანად დღემდე რჩება სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა მისი როლი ამჟამად არსებითად შეცვლილია, განსაკუთრებით კი 2020-2024 წლებში სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების ფონზე. ღია წყაროების თანახმად ამჟამად სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა დაახლეობით 3000-დან 5000 სამხედრომდე მერყეობს. 

ექსპერტების შეფასებით, ბაზას დღეს არა რეალურად თავდაცვითი, არამედ უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს: 

„ის სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის ერთადერთ მუდმივ სამხედრო საყრდენად რჩება“, — გვეუბნება არაკელიანი. მისი განმარტებით, ბაზის გაუქმების შემთხვევაში რუსეთი რეგიონში თავის უკანასკნელ მოწინავე სამხედრო პოსტს დაკარგავს.

„ბაზა ლოგისტიკურად იზოლირებულია და შეტევითი შესაძლებლობები არ აქვს. თუმცა, მისი დაკარგვა რუსეთისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება — მოსკოვი დაკარგავს რეგიონში გავლენის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და გამოჩნდება, რომ მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო სუსტდება“, — ამბობს ის.

არაკელიანის თქმით, დღეს მოსკოვი ბაზის შენარჩუნების აუცილებლობას სომხეთის თავდაცვის ინტერესებით კი არა, უფრო მეტად იმ სურვილით ხსნის, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო ძალად დარჩეს.

 

რა უძღვოდა წინ ბაზის გაყვანაზე საუბარს

1 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშიანიანს შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააჟღერა ვლადიმერ პუტინმა გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მომავლის საკითხი და თქვა: 

“თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ იქ რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო არ არის, ჩვენ ხვალვე წავალთ. მაგრამ არის თუ არა სომხეთი ამისთვის მზად? თუ მზად არის, კი ბატონო, ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს”, — თქვა მან. 

ფაშინიანმა კი მოგვიანებით პუტინის ამ განცხადებას საკუთარ პრესკონფერენციაზე უპასუხა და თქვა, რომ გიუმრიში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა „სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს“, თუმცა მისივე თქმით, სომხეთს არასდროს წამოუწევია ეს საკითხი და თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს სომხეთი “წინააღმდეგი არ იქნება”, ხოლო “თუ ისინი დარჩენის სურვილს გამოხატავენ”, ფაშინიანის თქმით, სომხეთი “ამისთვისაც მზად იქნება”. 

ამ განცხადებებს წინ უძღვოდა შეხვედრის ოფიციალური ნაწილი, სადაც ორ ლიდერს შორის გარკვეულ საკითხებზე დაძაბული საუბარი გაიმართა, მათ შორის იყო სომხეთის მიერ ევროკავშირში გაერთიანების სურვილის გამოხატვა. პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას სომხეთს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებაც შესთავაზა.

მართალია ბოლო პერიოდის განმავლობაში სომხეთში ბაზის თაობაზე ასეთ მაღალ დონეზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იქ ბაზის არსებობა და მისი მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენეს. 

2023 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “სომხეთი ვერ ხედავდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების გაგრძელების სარგებლიანობას, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონზე კონტროლი აღადგინა”, — წერდა მაშინ Reuters. 

„ამ მოვლენებმა, ფაქტობრივად, მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობები უნდა გავამრავალფეროვნოთ და ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ“, — განუცხადა The Wall Street Journal-ს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის შემოდგომაზე. 

ამას წინ უძღვოდა 2022 წლის მოვლენები, კერძოდ რუსეთის უკრაინაში სრუმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე აზერბაიჯანმა იმ ტერიტორიებზე დაიწყო შეჭრა, რომელთა უსაფრთხოებაც რუსულ ჯარებს უნდა უზრუნველყოთ, ამას გარდა აზერბაიჯანმა არაერთი თავდასხმა განახორციელა უშუალოდ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორაიზეც, რასაც როგორც ერევანი ამბობდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუჰო/ОДКБ) ურთიერთდაცვის მექანიზმის ამოქმედება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ასე არ მომხდარა. 

2023 წლის შემოდგომაზევე, ზემოთ მოყვანილ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, ფაშინიანმა თქვა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება “სტრატეგიული შეცდომა” იყო, რადგან მოსკოვმა ამ როლის შესრულება ვერ შეძლო.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით რუსეთზე იყო მიბმული, მათ შორის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვის საკითხში. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა (უკრაინაში ომისთვის). ამ ვითარებაში გასაგებია, რომ რუსეთის ფედერაციას, სურვილის შემთხვევაშიც კი, არ შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილება.

ეს მაგალითი უნდა გვიჩვენებდეს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ ერთ პარტნიორზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“, — განუცხადა ფაშინიანმა La Repubblica-ს 2023 წლის სექტემბერში.

ამ პერიოდიდან რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაციება დაიწყო. 

„2022 წელს სომხეთმა პირველად და უკანასკნელად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციადა ასევე მიმართა რუსეთს ემოქმედა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. სომხეთში რუსული ბაზები სწორედ ორმხრივი შეთანხმების ფარგლებშია განთავსებული. 

რუსეთმა მაშინ არ იმოქმედა და განაცხადა, რომ მზად იყვნენ “კუჰო/ОДКБ”ფარგლებში გამოეგზავნათ მონიტორინგისთვის გარკვეული შეიარაღებული ძალები. ეს სომხეთისთვის მიუღებელი იყო, რადგან ქვეყანა ამ ორგანიზაციის წევრი მონიტორინგისთვის არ ყოფილა. 

მაშინ ერთი პრობლემა ბაზის უმოქმედობა იყო, ხოლო მეორე პრობლემა რუსეთში გაკეთებული განცხადება იყო, რომ არ იცოდნენ სად გადიოდა სომხეთის საზღვარი და ვერ დაადგენდნენ იყო თუ არა ეს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმა. ამას მოჰყვა მწვავე რეაგირება სომხეთიდან”, — იხსენებს გიორგი ტუმასიანი, მკვლევარი და დიპლომატი, მოძრაობა „ერთობის” ერთ-ერთი ლიდერი. 

ის განმარტავს, რომ აზერბაიჯანმა შეძლო სოხმეთის ტერიტორიაზე შეჭრა და წინ წაწევა იმ ადგილებში, სადაც რუსული მშვიდობისმყოფელები იყვნენ განლაგებული, ხოლო იქ, სადაც 2020 წლის შემდეგ ევროკავშირმა სადამკვირვებლო მისიები განათავსა, ხელშეუხებელი დარჩა. 

„ყოველ ჯერზე თუ აზერბაიჯანთან იწყებოდა გარკვეული დაპირისპირება, სადაც რუსეთის ჯარები იდგნენ, აზერბაიჯანი მოდიოდა წინ…  ამიტომ რუსეთმა არათუ ის ფუნქცია შეასრულეს, რა მოლოდინიც ჰქონდა სომხეთს — ანუ უსაფრთხოების ფუნქცია, არამედ პირიქით — სომხეთისთვის ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა ის მიმართულებები, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იდგნენ”, — განმარტავს ტუმასიანი.  

ამის ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გააკეთა განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუჰო/ОДКБ) შესაძლო გამოსვლის შესახებ და გაყინა კიდეც მონაწილეობა ალიანსის შეხვედრებში. 

ამჟამად სომხეთსა და “კუჰოს” შორის ურთიერთობები ფაქტობრივად სრულ ჩიხშია შესული და ფორმალური გაწყვეტის პირასაა. 

ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის (2026–2031 წლებისთვის) წარდგენისას ოფიციალურად განაცხადა, რომ სომხეთი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ გეგმავს „კუჰოში” აქტივობის აღდგენას. მისი თქმით, ერევნის ინტერესი ამ ორგანიზაციის მიმართ სრულად ამოიწურა. 

„მოხარული ვიქნები, თუ გაგვრიცხავენ“: აგვისტოს ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ “კუჰო” თავად მიიღებს სომხეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას: „ეს მარტივად გადაჭრიდა ჩვენს დილემას — გავიდეთ თუ არა ალიანსიდან”, — თქვა მან. 

ამასთან, 2026-2031 წლის სამთავრობო პროგრამაში რუსეთი პირველად აღარ მოიხსენიება როგორც „სტრატეგიული პარტნიორი”.

„2022 წლის სექტემბრის მოვლენების (აზერბაიჯანის თავდასხმის) შემდეგ, როგორ უნდა ვთქვათ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობაა?”, — ასე უპასუხა შეკითხვას ფაშინიანმა იმის თაობაზე, თუ რატომ აღარ არის მოხსენიუებული “სტრატეგიულ პარტნიორად” რუსეთი ახალ სამთავრობო გეგმაში. 

2023 წელს სომხეთმა უარი თქვა რუსულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე ასევე უცხოეთშიც და 2024 წელს კი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ს არმიასთან ერთად გამართა მანევრები EAGLE PARTNER, რაზეც მოსკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მაშინ თქვა, რომ ეს კავშირები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდიდა რეგიონში. 

ამას გარდა, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც გაცივდა ან დაიძაბა, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებშიც. მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს ერევნის დასასჯელად, ხოლო სომხეთი ცდილობს სასწრაფოდ იპოვოს ალტერნატიული ბაზრები, მათ შორის ევროკავშირში. 

„შეიცვალა რეგიონული გარემო. სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისა და საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ერევანი კი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს. სტრატეგიული კონფიგურაცია, რომლის პირობებშიც ბაზა შეიქმნა და ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ძველი სახით აღარ არსებობს.

ამავდროულად, იზრდება იმედგაცრუება რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების ეფექტიანობით. ერევანი ფრთხილ პოზიციას იკავებს: ბაზის გაყვანის ინიციატივით არ გამოდის, თუმცა არც მისი შენარჩუნებისთვის იღებს პასუხისმგებლობას. ეს შესაძლო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის გადატანის საშუალებას იძლევა და, ამავდროულად, ბაზის გარშემო არსებულ გაურკვევლობას უფრო ფართო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის რკინიგზისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთ ბერკეტად აქცევს”, — განმარტავს ედუარდ არაკელიანი „პუბლიკასთან”. 

 

ბაზის ამჟამინდელი დანიშნულება და შესაძლო მომავალი

ექსპერტები განმარტავენ, რომ ახლა ბაზის საკითხის წამოწევა შესაძლოა სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს მოსკოვსა და ერევანს შორის.

„102-ე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთის უსაფრთხოებას არაფერს მატებს. ეს 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმაც აჩვენა. ეს ბაზა ჩვენ არ გვჭირდება. თუ რუსეთს მისი გაყვანა სურს, წინააღმდეგი არ ვართ — ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლია. ხოლო თუ დარჩენა სურს, მზად ვართ, განვიხილოთ, რა პირობებით შეუძლია შეინარჩუნოს ის, რაც ჩვენ არ გვჭირდება”, — თქვა ფაშინიანმა 17 სექტემბერს, ბიშკეკის შეხვედრიდან ორი კვირის თავზე. 

თუმცა მოსკოვი, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი აცხადებს, ბაზას „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კომპონენტად” ხედავს. 

სომეხი სამხედრო ექსპერტი, სერგეი მინასიანი “პუბლიკასთან” განმარტავს:

„რუსეთისთვის ბაზას დღეს განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობა აღარ აქვს. რუსეთი უკრაინაში ომშია ჩართული და ამ მიმართულებით ყველა ჯარისკაცი, ყველა ტანკი და ყველა საბრძოლო მასალა სჭირდება.

ამიტომ ბაზას ახლა, ძირითადად, სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რაც ასევე მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ზოგად სტრატეგიულ ხედვას პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. 

ამ თვალსაზრისით, ბაზა მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმდენად გადამწყვეტი, რამდენადაც, მაგალითად, 2014 წელს ან უფრო ადრე იყო, როდესაც ბაზის მნიშვნელობა უკავშირდებოდა რუსეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში. მაშინ ბაზას მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა სტრატეგიული თვალსაზრისით”, — განმარტავს სერგეი მინასიანი.

მისი თქმით ბაზის მნიშვნელობა ყველაზე მეტად სომხეთისთვის შეიცვალა, თუმცა ეს ცვლილება მოსკოვისთვისაც მნიშვნელოვანია სტრატეგიული, სიმბოლური და პოლიტიკური კუთხით. 

სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების სომეხი ანალიტიკოსი და „პუბლიკის” რესპონდენტი ედუარდ არაკელიანი სტატიაში „რუსეთის გიუმრის ბაზის მომავალი და სომხეთ-რუსეთის ცვალებადი ურთიერთობები“ განმარტავს, რატომ შეიძლება გიუმრის სამხედრო ბაზის მომავალი სომხეთ-რუსეთს შორის უფრო ფართო მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.

არაკელიანი ამ საკითხს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ სხვა უთანხმოებებთან აკავშირებს და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: ერევნის სურვილს, სომხეთის რკინიგზის მართვა მესამე ქვეყანას გადააბაროს; ფაშინიანის განცხადებას რუსეთისთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ფინანსური მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობაზე, რომლის საფუძველიც მას არ დაუკონკრეტებია; და რუსული გაზის ფასის საკითხს. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს საკითხები სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ უფრო ფართო უთანხმოებებზე მიუთითებს. ამ ფონზე, გიუმრის ბაზის მომავალი შესაძლოა ერევნისთვის მოსკოვთან მოლაპარაკებებში დამატებითი ბერკეტი გახდეს:

„ამ კონტექსტში გიუმრის ბაზა შეიძლება პოტენციურ მოლაპარაკების ბერკეტად განვიხილოთ. ეს შესაძლოა გააზრებული სტრატეგიის შედეგი არ იყოს, თუმცა ბაზის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა ერევანს სხვა საკითხებზე მოლაპარაკებისას მანევრირების დამატებით შესაძლებლობას მაინც აძლევს”, — წერს ის. 

ერთ-ერთი ასეთი მანევრი ერევანმა გამოიყენა, როდესაც სექტემბერში მიანიშნა, რომ თუ მოსკოვი სოხმეთისთვის გაზის ფასს გაზრდის, შესაძლოა რუსეთს გიუმრის სამხედრო ბაზის განთავსებისთვის იჯარის გადასახადი დააკისრონ. ამჟამად ბაზის შენახვის ხარჯებს სომხეთი და რუსეთი თანაბრად ინაწილებენ. 

როგორც არაკელიანი განმარტავს „პუბლიკასთან”, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბაზის საკითხი სავაჭრო თემას გასცდება და რუსეთი რეალურად დაიწყებს მის გაყვანას, ეს უცებ ვერ მოხდება:

„პრაქტიკაში ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების გატანას, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილებას.

დღეს არ არსებობს საფუძველი იმის სათქმელად, რომ ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიღებულია. ამჟამად საფუძველი არსებობს საუბრისთვის მისი როლის გადახედვაზე. 102-ე ბაზის ბედი იმის ინდიკატორი გახდება, თუ რა როლის შენარჩუნებას შეძლებს რუსეთი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაში”, — უთხრა არაკელინმა “პუბლიკას”. 

რაც შეეხება გიუმრის სამხედრო ბაზას და საქართველოს, კერძოდ ექნება თუ არა პირდაპირი გავლენა ბაზის გაყვანა-არგაყვანის საკითხს საქართველოზე, ექსპერტები განმარტავენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით ბაზა არასდროს წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს ქვეყნისთვის.

„ასეთი სცენარი [რუსეთმა 102-ე ბაზა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს] უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა. პრაქტიკულად არარეალისტურია”, — ეუბნება არაკელიანი “პუბლიკას”. 

 

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება და საქართველო

გიუმრის ბაზა არ არის ერთადერთი, რომელიც რუსეთს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე აქვს განლაგებული — რუსული სამხედრო ბაზებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს. 

პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს” წევრი, გიორგი ანთაძე „პუბლიკასთან” განმარტავს, რომ რუსეთისთვის რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ბაზები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გიუმრის სამხედრო ბაზა, სწორედ იმ მიზეზით, რომ 102-ე ბაზა თავისი ტექნიკური თუ სხვა ასპექტების გათვალისწინებით დიდი ხანია საფთხეს აღარ წარმოადგენს არც სომხეთისთვის და მით უფრო, არც საქართველოსთვის. 

რუსული სამხედრო დანაყოფები ზოგიერთ წერტილში საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეული მეტრით არიან დაშორებული პირდაპირი, ანუ საჰაერო ხაზით. მაგალითად, ორჭოსანსა და ხურვალეთში. მაგისტრალი კი ქვეყნის სტრატეგიული გზაა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, ხოლო რუსული სამხედროების მდებარეობა ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას აძლევს სამხედროებს და პოტენციური ცეცხლსასროლი ზონის ფარგლებში აქცევს ტერიტორიას. 

„რეგიონული, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ჭრილში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული სამხედრო ბაზები საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურულ წონას და სამხედრო მნიშვნელობას ატარებს რუსეთისთვის, რომ მაინც დიდი გავლენა შეინარჩუნოს რეგიონზე და რეგიონის გასაღებ ქვეყანაზე — საქართველოზე. მით უმეტეს იმ პოლიტიკურ რეალობაში, რაც დღეს არის საქართველოში. 

თუ პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებ და გავლენა გაქვს საქართველოზე, შუა დერეფანზე, საქართველოზე გამავალ მაგისტრალებს უქმნი ძლიერ საფრთხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორი მოცემულებაც გვაქვს დიდი ხანია, გიუმრის ბაზა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი არ არის”, — განმარტავს ის. 

რაც შეეხება პოლიტიკური გავლენისთვის გიუმრის სახმედრო ბაზის გამოყენებას, ანთაძე განმარტავს, რომ რუსეთს ამას გარდა სომხეთზე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს, როგორიცაა მაგალითად გავლენები ქვეყნის ეკონომიკაზე. 

თუმცა, მისი თქმით, თუ უკიდურესი სამხრეთიდან რუსეთის განდევნის მცდელობა გაგრძელდება, რუსეთისთვის ერთგვარი კომპენსაცია იქნება ამ გავლენების საქარათველოში გაძლიერება. ამას კი, როგორც ის ამბობს, “ქართული ოცნების” პოლიტიკა კერძოდ რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობები უწყობს ხელს, რაც პირველ რიგში სწორედ რუსული ინტერესია. 

„თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, მათ შორის ტრამპის ინიციატივების ნაწილში რაღაცების საბოლოოდ დალაგებას წლების სამუშაო სჭირდება. 

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონში მხოლოდ სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუსეთი არ არიან. აქ არის ირანი, თურქეთი და სხვა ძლიერი მოთამაშეები, მათ შორის ევროკავშირი, ამერიკა, არაბული ქვეყნები. ამიტომ, საერთო ჯამში რეგიონში ცვლილებები დამოკიდებულია ზოგად გეოპოლიტიკურ სურათზე და პირველ რიგში უკრაინის ომის მსვლელობაზე, რადგან მისი შედეგები ყველაფერზე დიდ გავლენას იქონიებს, მათ შორის, ალბათ “ქართული ოცნების” პოლიტიკაზეც”, — აზუსტებს ანთაძე.