უძრავი ქონება და ფერწერული ტილოები – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ბექა ოდიშარია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიაშარიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროდან გამოყოფის შემდეგ კულტურის მინისტრად განიხილება, ქონებრივი დეკლარაცია  2019 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

ბექა ოდიაშარია მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის – მიწის ნაკვეთები, სამი ავტომობილი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები.

ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია: 5 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი, 3 სამეურნეო ფართი და 6 მიწის ნაკვეთი.

ბექა ოდიშარიას დეკლარაციის მიხედვით, მან 2013 წელს ორი ავტომობილი შეიძინა, რომელშიც სულ 77 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო 2014 წელს შეძენილ კიდევ ერთ ავტომობილში – 33 000 დოლარი.

მის საკუთრებაშია, ასევე,  50-მდე ფერწერული ტილო. ამ ტილოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 79 000 ლარია.

ის ფლობს, ასევე, ფასიან ქაღალდებს – სს ბათუმი ბულვარ საიდში (59 აქცია). 1 აქციის ნომინალური ღირებულება კი 12 900 დოლარია.

ბექა ოდიშარიას დეკლარაციით ირკვევა, რომ მას გასული ერთი წლის განმავლობაში ფართის იჯარით მიღებული აქვს 75 000 დოლარი შემოსავალი. ასევე, 350 000 დოლარის ინვესტიციით, შარშან 105 992 ლარის შემოსავალი მიიღო.

2019 წლის დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება ფულის გასესხებით მიღებული შემოსავლები, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციას თუ შევხედავთ, დეპუტატმა 2016 წელს სესხად გასცა 170 000 დოლარი, საიდანაც სარგებლის სახით წლის განმავლობაში 24 724 დოლარი მიიღო. 2017 წლის 1 იანვარს ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით გაასესხა 270 000 დოლარი, თუმცა ახალ დეკლარაციაში ამ თანხის გასესხების შედეგად მიღებული სარგებელი არ არის მითითებული.

2017 წელს შევსებული დეკლარაციით, ბექა ოდიაშარია ფლობდა წილს ორ კომპანიაში ( შპს „ანაბაზისი“ – 100% და შპს „ძველი დედაქალაქი“ –10 %). 2019 წლის დეკლარაციაში კი ეს ინფორმაცია მითითებული აღარ არის.

საჯარო სამსახურის ბიუროს ახალი ანგარიშის მიხედვით ბექა ოდიშარია იმ  პარლამენტის წევრებს შორის მოხვდა, რომლებიც ქონებრივი დეკალარციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ. ანგარიშის მიხედვით,  ბექა ოდიშარიამ  საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ ასახა,  საკუთარ ნაშთებში ცდომილება დაფიქსირდა და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშები არ მიუთითა.  ასევე,  საკუთარი და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არ ასახა. ასევე, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლი არასწორად ასახა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა უთხრა.

უკვე ვრცელდება ინფორმაცია კულტურის მინისტრის სავარაუდო კანდიდატების შესახებ. ერთ-ერთ კანდიდატად დეპუტატი ბექა ოდიაშარია დასახელდა. თუმცა თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე მათ ჯერ არაფერი არ იციან.