„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაეგეგმა!“ – ამ სიტყვებით რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართავს.
„ასე ფსკერზე როგორ დაეშვით, ჩვენს გარდაცვლილ ჩვენს კოლეგას რომ შეურაცხყოფთ თქვენი ბრიფინგებით, თქვე უნამუსოებო, არავის გვაინტერესებს თქვენი ბრიფინგები და ექსპარტიზის პასუხები, არც გავაშუქებთ…
საერთოდ აღარ მაქვს კითხვა ხელისუფლების მიმართ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ მას მერე, როცა ლექსოს დავკრძალავთ? საარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკოს დაკომპლექტებაზე? არ მაინტერესებს არც ერთი თემა, აიღეთ პასუხისმგებლობა და დაისაჯონ დამნაშავეები.
ჩვენი ტელევიზიის შესასვლელში ლექსოს სურათის გვერდით დევს დამტვრეული კამერები და მიკროფონები, თავზე რომ დაალეწეთ ქართულ მედიას, ეს არის თქვენი სახე…
არავის არ ეშინია არც თქვენი კუნთების, არც თქვენი შავი მაისურების, არც თქვენი წვერების, – თქვა გრიგოლიამ.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.