ეს არ არის მართლმადიდებლობა, საპატრიარქო ყარს - მოქალაქემ ეპისკოპოსს ქადაგება შეაწყვეტინა

პუბლიკა

ბოდბეში ეპისკოპოს იაკობს, რომელიც 5 ივლისის ჰომოფობიურ და ძალადობრივ  კონტრაქციაზეც იმყოფებოდა, ქადაგება მრევლმა შეაწყვეტინა და გააკრიტიკა. მოქალაქემ აღნიშნა, რომ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებამ დანაშაული წაახალისა.

მოქალაქემ აღნიშნა, რომ ეს არა ქადაგება, არამედ ერის უკან სვლაა. მისივე თქმით, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა და სიყვარულისკენ სწრაფვა, არამედ ბიზნესია და ადამიანის სულის ჩახშობა.

„ყველაფერმა, რაც ამ სოფელში ხდება, რაც საქართველოში ხდება, აი, ამ ადამიანის სიკვდილმა, ჟურნალისტებზე ასე საუბარმა, პოლიტიკოსებზე ასე საუბარმა… როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები [ძალადობისკენ], რისთვის? თქვენ ხედავთ იმ კადრებში, რაც ხდება, მოდით და ჩამქოლეთ ახლა. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ… გაუსაძლისი გახდა ამ სოფელში ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი მიწასთან გაასწორეს, წაართვეს ხალხს მიწები, ყველაფერი… ასეთი ჰექტრობით მიწები, ასეთი ბიზნესი… რა ხდება?! თქვენი სოფელი აქ არ არის, თქვენი ქალაქი აქ არ არის… იქ არის თქვენი სოფელი, იქ უნდა იბრძოდეთ, რომ დაიმკვიდროთ სასუფეველში ქალაქებიც, სოფლებიც. მე ვერ ვხედავ აქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო. ყარს და თქვენ არ გინდათ, რომ გათავისუფლდეს ამ სუნისგან? მართალი იყო დავით აღმაშენებელი, მართალი არიან ეს ადამიანები. გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება! მე ჩემი ცხოვრება წმინდა ნინოს ცხოვრებას მივუძღვენი, იოანე ბოდბელზე დავიცავი დისერტაცია. მე ყოველთვის ვქადაგებდი იმას, რომ რწმენა არის ჭეშმარიტი სიყვარული და მეტი არაფერი, მე ამას აქ ვერ ვხედავ“, – მიმართა მოქალაქემ ეპისკოპოსს.