გამყრელიძის თქმით, ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი 63%-მდე დაეცა

პუბლიკა

„2 კვირის წინანდელი მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი საქართველოში 63%-ია, დარწმუნებული ვარ [ეს მაჩვენებელი] ახლა დაცემული იქნება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია რეგულაციების შემსუბუქებასთან და იმ წესების არ დაცვასთან, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ სულ ყველას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ. დაუშვებელია ეს. ნიღაბი გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად“, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოში ე.წ. ინდური (დელტა) შტამის გავრცელებაზე. მისივე თქმით, დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება საქართველოში საერთო ინფიცირების 20%-ს.

„დღეს, ქვეყანაში გარდა ბრიტანული შტამისა, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს დელტა შტამი და გასულ კვირაში გვქონდა 27 ლაბორატურულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული. მაგრამ გათვლებით, დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება 20%-ს ქვეყანაში საერთო ინფიცირებისა. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით იმიტომ, რომ ტენდეცია ასეთია ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს ძირითადად ანაცვლებს დელტა შტამი, ანუ ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისადმი და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.