ნახულობენ, ხომ არ ვგეგმავდით ძალადობას - ფალავანდიშვილმა პოლიციის სამმართველო დატოვა

პუბლიკა

მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა, ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

„ნახულობენ, ხომ არ ვგეგმავდით ძალადობას“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა შენობის დატოვების შემდეგ.

ფალავანდიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების გამო უდანაშაულო ადამიანები არ დაისჯებიან. მან 5 ივლისს მოხმდარ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდს“ გადააბრალა და კიდევ ერთხელ გამოიყენა სიძულვილის ენა.

„იმედია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რომ მოგვთხოვა, ამის გამო უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის. ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნის, თავისი ზნეობის დასაცავად, თავისი შვილების მომავლის დასაცავად მოძალადე ჰომოსექსუალი პედოფილების წინააღდეგ“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

კითხვაზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარში ძალადობაში – აღნიშნა, რომ ბუნებრივია, თუ „პუტინისტად“ წოდების გამო 50 ათასი ადამიანიდან ვიღაცა თავს ვერ შეიკავებდა.

„მომხდარში პასუხისმგებლობა და დამნაშავეები არიან პრაიდი, ვინც წააქეზა ხალხი. როდესაც 50 ათას ადამიანთან მიხვალ და დაუძახებ პუტინთან კოლაბორაციონისტს და შეურაცხყოფას მიაყენებ, 50 ათასი ადამიანიდან ბუნებრივია, რომ ვიღაცა თავს ვერ შეიკავებს“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.


პოლიციაში გადაიყვანეს ალექსანდრე ფალავანდიშვილის მამაც – გურამ ფალავანდიშვილი. მანამდე კი პოლიციამ როგორც მათი, ასევე, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ზურა მახარაძის მეუღლე მედიასთან ამბობს, პოლიციაშია გადაყვანილი მახარაძეც.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარში თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.