ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ჩვილიც გარდაიცვალა

პუბლიკა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის თქმით, ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო „ევექსის“ სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში დაფიქსირდა პაციენტი გარდაიცვალა. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამავე კლინიკაში 16 ივლისს კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. მას კორონავირუსის „ალფა” (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.