„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საჩუქარია ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად მეგობრობისა - დეგნანი

პუბლიკა

„ამერიკელი ხალხის სახელით, ძალიან მოხარული ვარ, რომ დავხვდი „ფაიზერის“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, „ფაიზერის“ ვაქცინას დახვდა.

ელჩის შეფასებით, აშშ-ი მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა.

„აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმასა, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რაც აშშ-მა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა 3 განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადაცემა, ასევე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობის გადაცემა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს 300 პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისს 12 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.