ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ახლა მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკზე იყო - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და ქვეყანაში ვირუსის ახალი ინფიცირების შემთხვევები მეტია, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში.

„ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, გვაქვს ახალი 3666 ახალი შემთხვევა, 17 სიკვდილი, მთლიანად სიკვდილიანობის პროცენტი არის 1.4 ფარგლებში, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 6%-ის ფარგლებში.

ჩვენ ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი, ქვეყანაში მეორე ტალღის დროს არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი, დღეს გვაქვს საშუალება რომ მოსახლეობა ავიცრათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 17 ადამიანი.