აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს სავარაუდო ინფიცირებული - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საბჭოზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო.

„დღეს საბჭოზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქსიმალურად ტარების საკითხი – ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში მანდატორულად, ღია სივრცეებში კი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი ქორწილები, კონცერტები. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს სავარაუდო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში.

დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყოს ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სასტუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.