რატომ ჭიანურდება საგამოძიებო სისტემის რეფორმა

ზურა ვარდიაშვილი

საგამოძიებო სისტემის რეფორმა, რისი დაწყებითაც ხელისუფლება ხშირად თავს იწონებს, უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილზეა გაყინული. რეფორმა პოლიტიკოსების მოხსენებებს, ანგარიშებს და საარჩევნო პროგრამებს ვერ სცდება. რა არის ამის რეალური მიზეზი?

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2018  წელს დაიწყო. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარიას გუნდი მართავდა. 

“ჩვენ სისტემაში მისვლისთანავე დავაიდენტიფიცირეთ პრობლემა და დავიწყეთ რეფორმა რომელიც ორ კომპონენტს მოიცავდა. ერთი კომპონენტი იყო სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნა: გამომძიებელს, ოპერატიულ მუშაკსა და უბნის ინსპექტორს შორის. რათა ყველას თავისი საქმე ეკეთებინა,  დღეს ეს ფუნქციები არეულია, და მეორე – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილება, რაც პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციების გამიჯვნას გულისხმობს”. – ამბობს ჩვენთან საუბარში ნათია მეზვრიშვილი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციების გამიჯვნა ამაზე დეტალურად პუბლიკის ამ სტატიაში წაიკითხავთ. 

“დღეს პროკურორი კი არ ზედამხედველობს გამოძიებას, არამედ, ფაქტობრივად, იძიებს საქმეებს და გამოძიების როლი დაკნინებულია” – გვეუბნება მეზვრიშვილი. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორთან ერთად შემუშავებული კონცეფციის მიხევდით გამომძიებელი გაძლიერდა და უფლებამოსილებებით და მოვალეობებით აღიჭურვა. უფლება მიეცა, სასამართლოში ჩხრეკასა და ამოღებაზე ნებართვა თავად მოეპოვებინა. პირი დაზარალებულად დამოუკიდებლად ეცნო. თავად გადაეწყვიტა, ვინ დაეკითხა, ვინ გაეჩხრიკა, სად დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი… დღეს ამ ყველაფერში პროკურორია ჩარეული.

ნათია მეზვრიშვილის აზრით, რომელიც „თავადაც ყოფილი პროკურორია, პროკურორის ეს დომინანტი როლი  2010 წლის კოდექსიდან გამომდინარეობს, “როდესაც მართლმსაჯულება პროკურატურის გარშემო ტრიალებდა”.

შსს-ს მენეჯმენტმა  კანონპროექტის პირველადი ვერსია (დრაფტი) მოამზადა, “ამის შემდეგ ჩვენ წამოვედით შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში და ეს რეფორმა გაიჭედა”. – გვეუბნება ნათია.

რატომ არ გაიტანა ბოლომდე საკითხი შს მინისტრიდან პრემიერად დაწინაურებულმა გიორგი გახარიამ? ამ კითხვას მეზვრიშვილი შემდეგნაირად უპასუხებს: გახარიას პრემიერობისას ამ რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მე დავიწყე ეს პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შედიოდა მთავრობის დაქვემდებარებაში, მაგრამ პროკურატურა როგორც მოგეხსენებათ ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყებაა. მე ვეცადე წამეწია პროცესი წინ,  მაგრამ არც შსს-ს დღევანდელი მენეჯმენტის და არც პროკურატურის მხრიდან ძვრა არ შეინიშნება”.

მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ რეფორმის “გაჭედვის” მთავარი მიზეზი პროკურატურის მხრიდან ძალაუფლების დათმობის საკითხია. 

აღნიშნული რეფორმა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რომელიც იძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა, მათ შორის თავად პროკურატურის თანამშრომელთა, სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. 

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, კანონით უნდა ჰქონდეს მინიჭებული დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. თუმცა, სამსახური დამოუკიდებლობის მაღალი საკანონმდებლო გარანტიებით არაა უზრუნველყოფილი, რადგან პროკურატურის გარეშე ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოძიების პროცესში. 

“ცხადია ამ პირობებში, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაზე საუბარიც კი ზედმეტია”. – გვეუბნება სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტორი პროკურატურის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო მოქმედებების (მაგ.: ჩხრეკა, ამოღება, ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა) ჩატარებაზე. მეტიც, სამსახურის გამომძიებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს გადაუდებლად ვიდეოჩანაწერი (რომელიც ამ კატეგორიის საქმეებზე ერთ-ერთი ნეიტრალური და მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა), მაშინაც კი, როცა შესაძლოა საკუთარი თვალით ხედავდეს როგორ ნადგურდება ასეთი მტკიცებულება. ამისთვისაც აუცილებელია პროკურორის წინასწარი თანხმობა.

ანალოგიური ვითარებაა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მაშინ როცა, მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, სატელეფონო მოსმენა მიყურადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება შეიძლება იყოს (რადგან ხშირად არსებობს სამართალდამცავების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების დასაბუთებული ეჭვი ან/და საფრთხე), აქაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურის გარეშე ვერ მიმართავს სასამართლოს.

ყველა მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებაზე პროკურორისგან თანხმობის მიღების საჭიროება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უზღუდავს გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობას, დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და  საფრთხის ქვეშ აყენებს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.   

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ შემთხვევაში, როცა პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვთ განსხვავებული პოზიცია ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. 

“აქვე აღნიშნავ იმასაც, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს პირთა შეზღუდულ წრეს. ეს წრე რაც უფრო ფართოვდება და რაც მეტი პირისთვისა თუ უწყებისთვისაა ცნობილი საგამოძიებო ორგანოს გეგმების შესახებ, მისი წარუმატებლად დასრულების რისკები იზრდება”. – ამბობს თოლორაია.   

რამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ საგამოძიებო სისტემის რეფორმა ასე გაიწელა? “ცხადია, ეს რეფორმა პროკურატურას აცლის გამოძიების პროცესში ჩარევის ბერკეტებს, რაც შესაძლოა ამ სისტემისთვის არ იყოს მარტივად დასათმობი. თავის მხრივ, საგამოძიებო უწყებებისთვის ეს არის გაზრდილი პასუხისმგებლობა და შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შიშები, როგორ გაართმევენ თავს მას”. – ფიქრობს ინსპექტორი. 

თუმცა მისი აზრით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მზადაა ამ რეფორმისთვის. – “ჩვენ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის გამომძიებლები, რომლებიც რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით არიან შერჩეულები და ჩაბარებული აქვთ მაღალი დონის საკვალიფიკაციო გამოცდა. ვფიქრობ, ამ რეფორმისთვის ასევე მზადაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ასევე მაღალი კვალიფიკაციის გამომძიებლები ჰყავს” 

ვინაიდან ეს რეფორმა, რომელიც ყველა საგამოძიებო უწყებას უნდა შეხებოდა,  დროში გაჭიანურდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პროკურატურის ფუნქციების გამიჯვნას და იგი შემოდგომაზე წარედგინება პარლამენტს. 

რეფორმის საწყის ეტაპზევე პროცესში ჩართული იყო სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC).

ცენტრის იურისტი, თამარ გვასალია გვეუბნება, რომ კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა რეფორმას ვენეციის კომისიის მხრიდანაც დადებითად შეფასდა.

“პროექტში იყო მრავალი წვრილმანი თუ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შესაძლოა არ იყო თანხვედრაში სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებთან, თუმცა ზოგადად იდეის დონეზე ყველა ვთანხმდებოდით რეფორმის იდეაზე, იმ დათქმით, რომ შემდეგ მსჯელობას უკვე პარლამენტში გავაგრძელებდით”. – გვითხრა თამარ გვასალიამ.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალჯერ მიმართეს, შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. თუმცა დღემდე პროექტი პარლამენტში არ შესულა. 

“დღესდღეობით გამიჭირდება გითხრათ, რაიმე წინსვლა არის თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით. და გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ანგარიშებს და საარჩევნო პროგრამებს გასცდეს და მოახდინოს არა თუ იმპლემენტირება (ამაზე საუბარიც კი ზედმეტია) არამედ ინიცირებაც კი”. – გვეუბნება გვასალია. 

მისი აზრით, ამ პროექტის მთავარი მოწინააღმდეგე პროკურატურაა და მათ შიშებსაც აქვს ლეგიტიმაცია. რადგან პროექტით გათვალისწინებულმა მოდელმა რომ იმუშაოს ამისთვის საჭიროა ძალიან ძლიერი ბაზა. ეს პირველ რიგში გულისხმობს კვალიფიკაციას. პროკურორმა იცის, რომ არაკვალიფიციური გამომძიებლის ხელში მის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ იქნება წარმატებული სასამართლოში. 

თუმცა, როგორც გვასალია ამბობს, პირველივე ეტაპიდან არსებული მოცემულობა ძალაუფლების ომია და რეფორმა ყოველთვის ჰქონდა ჯახი პოლიტიკურ ფონთან, ბექგრაუნდთან და არარსებულ პოლიტიკურ ნებასთან. 

“ეს რეფორმა თუ რამემ იმსხვერპლა, ეს არის არასათანადო პოლიტიკური ნება. ქართული ოცნების ამ კონკრეტულმა მენეჯმენტმა ვერ გაბედა ამ რეფორმის გატანა, რადგან ეს არანაკლებ საპასუხისმგებლო რეფორმაა, ვიდრე სასამართლოსი. იგი ცვლის სისხლის სამართლებრივი დევნის და გამოძიების პროცესებს, რაც შეიძლება პოლიტიკურ ელიტას არც აწყობდეს ამ ეტაპზე”. – გვეუბნება თამარ გვასალია.

პუბლიკამ სცადა დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, თუმცა სამართალდამცავი უწყებებისგან პასუხების მოპოვება ვერ შევძელით. 



„სტატია მომზადებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) პროექტის ფარგლებში“

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. იგი შესაძლოა არ ასახავდეს ამერიკის მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  შეხედულებებს.