მოქალაქეთა 51% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს - IRI-ის კვლევა

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ემხრობით თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას – გამოკითხულთა ნახევარზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა.

გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ სრულიად ემხრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას; ნაწილობრივ ემხრობა 22%; ნაწილობრივ ეწინააღმდეგება 12%; სრულიად ეწინააღმდეგება 27%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 10%.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყველაზე მეტი მომხრე 18-29 წლისა და 50+ წლის ასაკობრივ ჯფუფებში ჰყავს.


კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.