„კონსენსუსი იმის, რომ არ გამოცხადდეს მკაცრი შეზღუდვები, საჭიროა არა მარტო საბჭოზე, არამედ საზოგადოებაშიც“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ აწესებს საბჭო დამატებით მკაცრ რეგულაციებს.
„უნდა იყოს კონსენსუსი ამაზე, რომ ყველა მოითხოვდეს შეზღუდვას – ერთია, როცა ხალხი, მეორეა, როცა პოლიტიკური, სხვადასხვა აქტორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, იმან უნდა მოითხოვოს [რეგულაციები]. კონსენსუსი უნდა იყოს საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში“, – განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ის ემხრობა მკაცრ შეზღუდვებს და რომ ეპიდემიოლოგებმა მიმართეს საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის მოთხოვნით.
„საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ამას სჭირდება არა მხოლოდ საბჭოში კონსენსუსი, ქვეყანაში კონსენსუსი, ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა იმნაზემ.
როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტული წინადადებებით მიმართეს. ერთ-ერთი იყო შეზღუდვის აღდგენა ღამის საათებში გადაადგილებაზე – ე.წ. კომენდანტის საათი.
„რესტორნებში დაშვება მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების. ასევე, ვთქვათ, ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი ხომ? ჭირად რომ იქცევა ეს ლხინის სუფრა ხოლმე. ამიტომ, გვქონდა წინადადება, რომ კი ბატონო, იყოს 50 კაცამდე გაიზარდოს [სტუმრების რაოდენობა] ოღონდ, თუ აცრილი იქნება ან მინიმუმ, წინასწარ გატესტილი“, – განაცხადა იმნაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პასუხი მიიღო იმნაძემ საბჭოს სხვა წევრებისგან, მან განაცხადა, რომ „მოწოდებები ამაზე იქნება“. შეკითხვაზე, შეიძენს თუ არა ეს მოწოდებები სავალდებულო ფორმას, იმნაძე ამბობს, რომ „განიხილება. ამირანმა ახლა თქვა, რომ კიდევ ერთი კვირა დავაკვირდებით, რა სიტუაცია იქნება“.