საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება გუშინ, 6 აგვისტოს ბორჯომში მომხდარ მკვლელობას და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონია (მაისურაძე).
საპატრიარქოს ცნობით, იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.
შსს-მ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება დილით გაავრცელა. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავებულია ერთი პირი – ა.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი”, – აცხადებს შსს.