„ნაწილობრივ, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც დღეს გამოცხადდა, დაკმაყოფილდა“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, დაკმაყოფილდა თუ არა ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
გამყრელიძის თქმით, NCDC უფრო მკაცრი შეზღუდვების მომხრეა, რის შესახებაც, მისივე თქმით, საბჭოზეც ისაუბრა. მედიის შეკითხვებს, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები მოითხოვა, არ უპასუხა.
გამყრელიძის საუბრის ტონს ჟურნალისტების რეპლიკა მოჰყვა, რომ ის გაბრაზებულია.
„გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ“, – უპასუხა გამყრელიძემ მედიას.
ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველგან, სადაც 5 ადამიანზე მეტი შეიკრიბება.
„სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, სავალდებულოა პირბადის ტარება“, – განმარტა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა.