გადავწყვიტე, დავბრუნდე „სახალხო პარტიაში“ - სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მიდის.

„ვთვლი, რომ ახლა, ჩემი მხრიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. გადავწყვიტე, დავბრუნდე „სახალხო პარტიაში“, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები. პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც და ძველი წევრებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამაყად დაწყებულიყო სიტყვებით: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი!“

მათ ეს შეძლეს და მჯერა, რომ დღესაც, ჩვენ ერთად შევძლებთ ხელისუფლების წყაროდ კვლავ ვაქციოთ ხალხი. თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლა რთული გზაა, მაგრამ ახლა -ცვლილებების დროა- ამგვარი ლოზუნგის გაჟღერების ფუფუნება ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს. მე კი გეტყვით, რომ საქართველოში ახლა ხალხის დროა! იმ ხალხის დროა ვინც საქართველოს პატრიოტია! ლაღი და ბედნიერი ახალგაზრდობის დროა! იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა ქართული მიწის დასაცავად! იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს იმსახურებს ღირსეულ სიბერეს! ღირსეულების დროა! ხალხის თავისუფალი არჩევანის დროა – სახალხო პარტია #44“, – წერს სოსო გოგაშვილი ფეისბუკგვერდზე.