მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
გამოკითხულთა 61% აპირებს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვარაუდობს – 18%.
მათგან, ვინც სავარაუდოდ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, 45% არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 24%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 7-7% ენმ-სა და სხვა პარტიებს.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.