ხელისუფლებამ ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის მეთოდები გაამრავალფეროვნა - მეზვრიშვილი

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ზეწოლაში ჩართულია სუსი, ძალოვანი უწყებები, პოლიცია და შემოსავლების სამსახური.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრები პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ ან თანამდებობების დატოვებას აიძულებენ.

„დღეის მდგომარეობით ათეულობით საჯარო მოხელეა გათავისუფლებული, როგორც შუა რგოლის მენეჯერები, ისე რიგითი თანამშრომლები. მათ შორის არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების და შპს-ების თანამშრომლები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალ ტენდენციას წარმოადგენს პოლიციელების დევნა, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დევნა პოლიტიკური ნიშნით და ბოლო თვეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, ათეულობით პოლიციელი გათავისუფლდა. გუშინდელი არ არის ერთადერთი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები და დღეს აქტიურად იყენებს ბიზნესზე ზეწოლის, ოჯახის წევრების დაშინების მეთოდებს.

მეზვრიშვილის თქმით, შიდა ქართლში კანდიდატად დასაყენებელ პირს დაჭერით დაემუქრნენ. მისი განცხადებით, მხარდამჭერებსა და ლოიალურად განწყობილ პირებზე ზეწოლა იგრძნობა ყველა რეგიონში. ადამიანებს, მაგალითად, აიძულებენ, რომ ფართი არ დაუთმონ პარტიის ოფისს ან ღონისძიებებს.

„სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა შეიძინა სისტემური ხასიათი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რაც მთავარია, სადამსჯელო ხასიათი. ამას აკეთებენ ღიად, მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ადამიანები გვერდით არ დაგვიდგნენ და ჩვენს პარტიაში არ გაწევრდნენ. მე მინდა ერთი რამე ვთქვა – ამას, როგორც წესი, ხელისუფლება აკეთებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას შიში შეიპყრობს ხოლმე.

ხელისუფლება რეგიონებში მოსახლეობას ეუბნება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ცდილობენ, დანერგონ უიმედობა და ფაქტობრივად ადამიანებს ეუბნებიან, თავი შორს დაიჭირონ ჩვენი პარტიისგან, რადგან ისინი დიდხანს აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში თითოეულ ამ ადამიანს შეექმნება პრობლემები. მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ვილაპარაკოთ ღიად, ვილაპარაკოთ ისე, როგორც ეს გააკეთეს პოლიციელებმა, ეს გააკეთეს ცალკეულმა სსიპების სპეციალისტებმა, რიგითმა საჯარო მოხელეებმა. ამაზე ვისაუბროთ ხმამაღლა.

ამ მეთოდებს, როგორც წესი, იყენებენ შეშინებული ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობენ მის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ასეთი ბინძური მეთოდებით შენარჩუნებას. ჩვენ ეს ყველაფერი, საზოგადოებას ნანახი გვაქვს 2011-2012 წლებში და ეს ყველაფერი ნიშანია იმის, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი. მინდა, დახმარება აღვუთქვა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ წევრს პარტიისას, ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, სამართლებრივი მიმართულებით დახმარების ნაწილში და ჩვენ დღესვე აუცილებლად თითოეული ამ ფაქტის შესახებ დეტალურად შევატყობინებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე აცხადებს, რომ ზემდგომი პირები მასზე ზეწოლას მიმართავენ, რათა წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს.

მან „ფეისბუქლაივში“ თქვა, რომ ზემდგომები ვერ ეუბნებიან მიზეზს, რატომ უნდა წავიდეს სამსახურიდან. ჯოხაძე ვარაუდობს, რომ ერთადერთი მიზეზი მისი სიძის, გიორგი მეზვრიშვილის მეგობრობაა კახა საბანაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან.

შსს-მ პოლიციელის ბრალდება გუშინვე უარყო.