რამ გამოიწვია კოვიდინფიცირებული ორსულის გარდაცვალება | ექიმის განმარტება

პუბლიკა

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დღეს, 18 აგვისტოს ორსული ქალი გარდაიცვალა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ალექსი ვაჩაძე მედიასთან განმარტავს, რომ ქალი იყო ჯანმრთელი, არ ჰქონდა ქრონიკული დაავადების ისტორია.

მისივე თქმით, პაციენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ იყო აცრილი.

ალექსი ვაჩაძის თქმით, პაციენტი 27 ივლისს შეიყვანეს და რამდენიმე დღე სტაბილურად იყო, თუმცა 13 აგვისტოს მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 16 აგვისტოს ქალი დამოუკიდებლად ვეღარ სუნთქავდა და მისი ინტუბირება გახდა საჭირო.

„17 რიცხვში ცნობილი გახდა, რომ ნაყოფის გულისცემა გაჩერდა. საღამოს [ქალს] დაუმძიმდა ზოგადი მდგომარეობა, განუვითარდა მულტიორგანული დისფუნქციის სინდრომი. ჩაუტარდა დიალიზი, მაგრამ, სამწუხაროდ, გოგონას ორგანიზმმა ბევრს ვერ გაუძლო“, – განაცხადა მან.

ქალის გარდაცვალებას დღეს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძეც.

„გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. არ არის ექიმებისა და კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება არაერთგვაროვნად მიმდინარეობს და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურად არის ჩართული და ეს მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს დონეზეა აყვანილი“, – განაცხადა მან.