„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა, კომისიის წევრთა შერჩევისას გამოვლინდა რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია.

კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევები, სადაც:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა 8-ს აღემატებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე შერჩეულ პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსანტების განცხადებები ერთგვაროვნად, სავარაუდოდ ერთი პირის მიერ იყო შედგენილი;
  • უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობას არ იღებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კვორუმით არჩევა, კვლავ დღის წესრიგში ტოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს გამოწვევას, რაც ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე (ცესკოს ახალი წევრების შემთხვევაში 100% და ოლქების შემთხვევაში − 55.05%) კონკურსანტები დაბალი კვორუმით აირჩნენ. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვერცერთ დონეზე  მრავალპარტიული კონსენსუსითა და პოლიტიკურ აქტორთა მხარდაჭერით კომისიის წევრებთა დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, გაზრდილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, კვლავ გამოწვევად რჩება.“