ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ვიყენებთ ქვეყანაში, ხელს არ უშლის სისხლის დონაციას - გაბუნია

პუბლიკა

„სისხლზე მოთხოვნა და, გარკვეულწილად,  მოწოდებისას შეფერხებები მთელი პანდემიის პერიოდში იყო და ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აქტიურად ცდილობდა დონორების მობილიზებას და ახლაც ის მდგომარეობაა, როდესაც თითოეული გაღებული სისხლი არის მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ვისაც აქვს დონორობის გამოცდილება ან შეუძლია, სისხლი გასცეს, ძალიან დაგვეხმარება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ხომ არ შეიქმნა ქვეყანაში სისხლის დეფიციტი.

„გარკვეული მოსაზრებები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვაქცინის მიღების შემდეგ დონორობა არ არის რეკომენდებული, ამაზე დაავაებათა კონტროლის ცენტრს გამოცემული აქვს ძალიან დეტალური მითითებები, თუ რამდენ ხანში უნდა ჩატარდეს. აქ არის მინიმალური შეზღუდვა დაახლოებით 2 კვირიდან 30 დღემდეა ის პერიოდი, რაც შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში იყოს საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინირებულმა პირმა ისევ შეძლოს დონორობა. ყველა ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია გამოყენებული, შესაძლებელია, რომ დონორისთვის იყოს მისაღები და ამან არაფრით ხელი არ შეუშალოს, დონაციას. ასე რომ, ეს რეკომენდაციები არსეობს და კარგი იქნება, რომ ამან არ შეგვიშალოს ხელი სისხლის გაცემის პროცესში“, – განაცხადა გაბუნიამ.