„ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მერობის კანდიდატმა პარტია დატოვა

პუბლიკა

შალვა ელოშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატად დასახელდა, პარტია დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ კანდიდატი აღარაა.

„ქართული ოცნებისთვის” ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის. პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, „ქართული ოცნების“ ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში. ამ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დავშორდეთ ჩვენს ნამდვილ ერთობას, რომელთა მხარდაჭერა მაძლევს ამ პოსტის გამოქვეყნების საფუძველს.

მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ „ქართულ ოცნებას” და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით“, – წერს ელოშვილი სოციალურ ქსელში.