„ლომჯარიას მომართვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, „ნაციონალების“ გეგმაა“ - პრემიერი

პუბლიკა

„ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, ეს  „ნაციონალების“ გეგმის ნაწილია, ჩვენ, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების გადადების სურვილი აქვს და ამისთვის მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს.

„ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველასა მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხდა, რომ არჩევნების გადადება-არ გადადების საკითხი არ არის წმინდა პოლიტიკური, უფრო მეტად, ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. მან მიმართა პრემიერს, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც გახდება საფუძველი არჩევნების გადადებისა.

„ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. თვითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, – თქვა მან.