იმატებს საავადმყოფოში გადაყვანილთა, მძიმე და აპარატზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა - ჭიაბერაშვილი

პუბლიკა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს მონაცემებს და მოსაზრებას მიმდინარე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები იკლებს (შაბათ-კვირისა და მარიამობის ეფექტის მიუხედავად), რაზედაც 7 და 14-დღის საშუალო დადებითობის ნელი, მაგრამ მაინც კლება მეტყველებს. მაგრამ ამის მიუხედავად, გამოვლენილ შემთხვევებთან მიმართებაში იმატებს:

  • საავადმყოფოში გადაყვანილთა % (მწვანე სვეტი), იმის მიუხედავად, რომ გამკაცრებულია საავადმყოფოში გადაყვანის კრიტერიუმები. დღეს რაოდენობაც რეკორდულია – 7660!
  • დამძიმებულ პაციენტთა % (ყვითელი სვეტი)
  • აპარატზე მიერთებულთა % (წითელი სვეტი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„რითი შეიძლება ეს აიხსნას?

1 – ოპტიმისტური ახსნა:

ადრე იწვა საავადმყოფოში ბევრი ისეთი პაციენტი, რომელიც რეალურად სახლში უნდა ყოფილიყო. საავადმყოფოში გადაყვანის კრიტერიუმების გამკაცრებამ გამოიწვია ის, რომ ჰოსპიტალში მართლაც მხოლოდ მძიმე პაციენტი ხვდება.

[ეს ახსნის ყვითელ და წითელ სვეტებს, მაგრამ არა მწვანეს.]

2 – პესიმისტური ახსნა:

PCR და სწრაფ ტესტებსაც ნაკლებად იკეთებს ხალხი (ვიმეორებ, შაბათ-კვირისა და მარიამობის ეფექტის მიუხედავად), რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვს. მიზეზი სისტემისადმი უნდობლობაა: რა აზრი აქვს, დადასტურდება თუ არა კოვიდი, თუ ადამიანი ვერ მიიღებს ოჯახის ექიმის სრულფასოვან მომსახურებას და თუ ძალიან არ დამძიმდა, მაინც არავინ გადაიყვანს საავადმყოფოში.

ამიტომ სიმპტომების შემთხვევაშიც, ტესტს ნაკლები ადამიანი იკეთებს.
[საინფორმაციო კამპანიაში ჩავარდნის ერთ-ერთი ასპექტი ესაა: არავინ უხსნის ხალხს საავადმყოფოში გადაყვანის კრიტერიუმებს და არც იმას, რამდენად მნიშვნელოვანია შემთხვევების გამოვლენა და ინფიცირებულთა იზოლაცია/თვითიზოლაცია]. მეორეც, მოქალაქეების დიდი ნაწილი სოფლებშია გასული და ბუნებრივადაა დაქვეითებული ტესტებზე ხელმისაწვდომობა.

ასეთ პირობებში დაბალია გამოვლენა, მაგრამ ვირუსი ვრცელდება, პოულობს სუსტებს და საავადმყოფოში ისედაც ქანცგაწყვეტილი ექიმები და ექთნები სულ უფრო მზარდ მძიმე პაციენტებს ხედავენ.

3 –  რეალობა სადღაც შუაშია.

რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს აწყობს დაბალი გამოვლენა და წინასაარჩევნო ბაქი-ბუქი, მაგრამ ამით მდგომარეობა არ უმჯობესდება, მით უმეტეს, რომ ეპიდკონტროლი (კონტაქტების მოძიება, იზოლაცია/თვითიზოლაცია) მიშვებულია.

სანამ ყვითელ და წითელ სვეტებში პროცენტები დაბლა არ წამოვა, სიკვდილიანობის ასეთი კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 1951 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 78 ადამიანი.