„ოპოზიცია არ იყენებს გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს“ - პაპუაშილი

პუბლიკა

„ისინი [ოპოზიცია] არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ“, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროსაც. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ.

„ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად. იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი; ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მარცხის მიუხედავად, უფრო მეტი თანხა დახარჯა ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“.

ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიების პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, კომისიების პროფესიული წევრები მიკერძოებული იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.