აცრის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი. ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.