სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„აღნიშნული განპირობებულია პროგრამის მიმართ ფერმერების დიდი ინტერესით, რათა არ მოხდეს სერვერების გადატვირთვა და თავიდან აცილებული იქნას შესაძლო ტექნიკური ხარვეზები, “- ამბობენ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, პროგრამაში დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის I ეტაპზე ხდება პირველადი რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია 1 სექტემბრის 12:00 საათიდან.
II ეტაპზე, ხორციელდება ელექტონული განაცხადების მიღება, რაც შესაძლებელი იქნება 15 სექტემბრის 12:00 საათიდან. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე განმცხადებელს ენიჭება რიგითი ნომერი, აღსანიშნავია, რომ განხილვის ეტაპზე განაცხადები განიხილება მათი რიგითობის შესაბამისად.
III ეტაპი მოიცავს დოკუმენტაციის ატვირთვას, რაც შესაძლებელი იქნება 20 სექტემბრის 00:01 საათიდან. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ასატვირთად ყველა პოტენციურ ბენეფიციარს მიეცემა 5 კალენდარული დღე.
„პროგრამა ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (გამწევი ტექნიკა), ხელის ტრაქტორის (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელის (იმპლემენტი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკის.
დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი. მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და კომბაინის შეძენა დასაშვებია შპს – სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან.
პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 100,000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 35% – ს, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს და მეტს – თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% -ით, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა.
პროგრამაში ბენეფიციარების განაცხადების მიღება შეწყდება პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, “- ამბობენ სააგენტოში. სააგენტოს ვებგვერზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და ხორციელდება სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში.