გუშინ დაახლოებით 16 ათასი აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული აცრები – 16 000 დაბალი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ ვაქცინაციის ტემპი არ შემცირდეს და მოსახლეობაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანია დღეში ჩატარდეს დაახლოებით 25-30 ათასი აცრა.

„ჩვენი სამიზნეა წლის ბოლომდე სრულად იყოს აცრილი მილიონ 700 ათასი მოსახლე, დღეს გვაქვს ჩატარებული მილიონ 400 ათასი აცრა, ეს უახლოვდება ნახევარს იმ სამიზნე რაოდენობას. რაც ჯერჯერობით საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად გარდატეხა მოხდეს ინფექციის გავრცელების პროცესში არ არის, ამიტომ საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე.

ბოლო დღეებში, გუშინ დაახლოებით 16 ათასი აცრა ჩატარდა, რაც დაბალია, გასულ დღეებში იყო 23-25 ათასი, იმისათვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი გარკვეული იმუნური ფენის სწრაფად ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ჩატარდეს  25-30 ათასი აცრა“, – აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანთლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ბიზნესთან, ასევე პედაგოგიურ კოლექტივებთან, იმისათვის, რომ ამ ჯგუფებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია.