კოალიცია „მედის ადვოკატირებისთვის” ეხმაურება თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.
„შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მშვიდობიან – არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში“,- ნათქვამია განცხადებაში.