განსაკუთრებით მაღალია ჰოსპიტალიზაცია 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე - რეანიმაციული დატვირთვა და ლეტალობა - ტიკარაძე

პუბლიკა

„ჰოსპიტალიზაცია არის განსაკუთრებით მაღალი 70 წელს ზემოთ ჩვენს მოქალაქეებში და სწორედ ამ ჯგუფში გამოიკვეთება ყველაზე მაღალი, როგორც რეანიმაციული საწოლის დატვირთვა, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.

„ასევე, რეანიმაციულ საწოლზე 49% ინფიცირებული ადამიანებიდან, რომლებიც არიან 70-79 წლის ასაკაში, დაახლოებით, 10% იღუპება. 80-90 წლის ასაკის ჩვენი მოქალაქეების ჰოსპიტალიზაცია 57%-ში ხდება და ამ შემთხვევაში რეანიმაციულ საწოლს მათი 10% იკავებს. 18% აქედან სრულდება ლეტალობით. 90 წელს ზემოთ მოქალაქეებში 70% არის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 20% მოთავსებული არის სარეანიმაციო საწოლზე, 33% აქედან იღუპება, რაც ვთვლი, რომ არის საკმაოდ დრამატული მაჩვენებელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დროულად და სწორად მოვიცვათ [ვაქცინაციით] სწორედ ეს ჯგუფი, რაც მნიშვნელოვნად აისახება როგორც მერე ჰოსპიტალური რექტორის დატვირთვაზე, ასევე ლეტალობის მაჩვენებელზეც. იგივე ანალიზია გაკეთებული გვაქვს სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არ არის დრამატული, შეინიშნება ერთეული შემთხვევები“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა დავუკავშიროთ კვლევის ეს შედეგები სავალდებულო ვაქცინაციის თემას? – ტიკარაძე პასუხობს, რომ:

„მე პირადად მივემხრობი იმ ჯგუფების ვაქცინაციას, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მასწავლებლები, ექიმები თუ რომელიმე სხვა პროფესიული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არიან 60 წელს ზემოთ, ისინი არიან მაღალი რისკის ქვეშ და სწორედ მათი მაღალი რისკიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჯგუფის ვაქცინაცია განსაკუთრებით გავლენას ახდენს, როგორც ინფექციის გავრცელების კომპონენტზე,  საწოლფონდის დაკავების კომპონენტზე და ლეტალობის მაჩვენებელზე. მე მივემხრობი, რომ ამ ჯგუფის ვაქცინაცია იყოს მაღალი პრიორიტეტი“.