მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილ პირობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის - აშშ-ის საელჩოს განცხადება

პუბლიკა

„დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა.

„მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს.

„ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.