გარყვნილი ქმედებისა და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისა და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დ. ჯ-ს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და 126-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.