ჟურნალისტ ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის საბაბით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ეს ვახო სანაიას მეორე ადმინისტრაციული პატიმრობაა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო.
სამართალდარღვევად შეფასდა 22 ივლისს, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერილი პოსტი: „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
აღსანიშნავია, რომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით შეეფარდა.
მეორე სტატუსი, რომელზეც სამართალწარმოება დაიწყო, შემდეგია: „მე რომ დავწერე პაპუაშვილისა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს, ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა, არ მასვენებს. თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო?“,- წერს სანაია 5 აგვისტოს, 2-კვირიანი პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ.
მესამე პოსტი, რომელსაც ვახო სანაიას ედავებოდნენ არის ვიდეო სათაურით „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მეყლენბურგობას“. ვიდეოში სანაია ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას პროტესტის 666-ე დღესთან დაკავშირებით. ვიდეოში სანაია მიმართავს შალვა პაპუაშვილს და იყენებს სცენას სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, სადაც ეგონას პერსონაჟი ამბობს: „შენ შეგ**ა, შვილო, ეშმაკმა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ მათ 30-დღიანი პატიმრობა მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ ვახო სანაია უკვე სახდელდადებული იყო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის და ეს ქმედება გაიმეორა. მისივე თქმით, სანაიას პოსტები გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება და პოლიტიკოსთა თმენის ვალდებულებასაც სცილდება.
„ეს არის ბატონი ვახტანგ სანაიას მიმართ მეოთხე სამართალდარღვევის საქმე. პირველ ორ შემთხვევაში შსს-მ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმა და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით გამოყენება. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, იყო შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებისა.
დღეს, როდესაც ბატონი ვახტანგ სანაია სახდელდადებულია უკვე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის, მან გაიმეორა აღნიშნული ქმედება; ის, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ცდილობს თითქოს შეურაცხყოფის მიყენებას, ფარავს კონკრეტული კითხვის ნიშნებით, მესამე პირის საუბრებით, შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. რეალურად, მისი მიზანი არ არის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, ვინაიდან მისი პოსტის კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია.
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და ზოგადად პირის შეურაცხყოფისთვის 30-დღიან პატიმრობას რომ თავი დავანებოთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენებასაც კი უშვებს… თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება გააჩნიათ, მაგრამ მსგავსი შეურაცხყოფის ატანის და შეგუების ვალდებულება არც ერთ თანამდებობის პირს არ გააჩნია. კონტექსტით, ეს იმგვარი შეურაცხყოფა იყო, რომელიც თმენის ვალდებულებაში არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კერესელიძემ.
ვახო სანაიას ადმინისტრაციული საქმეების ქრონოლოგია
10 ივლისს ვახო სანაია თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო.
პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მანამდე, სანამ შსს-ში „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ შეიქმნებოდა, სანაია 4 000 ლარით იყო დაჯარიმებული პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით. მას ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა.
ამის გამო ვახო სანაია მოსამართლემ პოლიტიკური თანამდებობის პირის განმეორებით შეურაცხყოფისთვის ცნო სამართალდამრღვევად და მუხლისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმით – 6000 ლარით დააჯარიმა.
სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული შემდეგი პოსტები შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ:
- „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება… აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“;
- „პაპუაშვილი *ლეა“ – ასეთი კომენტარები მხვდება სოციალურ ქსელში… წინაზეც დავწერე სტატუსი, რომ სამმართველო უკვე ამოქმედებულია და იქნებ ამ სამსახურს სცეთ პატივი, თუმცა შალვას პატივისცემისკენაც მოგიწოდებთ დაბეჯითებით. გასაგებია, რომ *ლედ მიგაჩნიათ ამხელა კაცი, მაგრამ სამმართველოც **ლეობაა?“ , – წერს სანაია სადავო პოსტებში.
10 ივლისს, როცა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაია პაპუაშვილისა და ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო დააჯარიმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში 2 პოსტი დაწერა:
- „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყლ*ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“;
- „მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყლ*ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს.“
მას 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ადმინისტრაციული პატიმრობა ფეისბუქპოსტების გამო და პოლიტიკოსების შეურაცხყოფის საბაბით აქამდეც არაერთხელ გამოყენებულა.
მაგალითად, მაისში აქტივისტ გიგა მაქარაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს შალვა პაპუაშვილზე დაწერილი ფეისბუქპოსტის გამო;
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მოსამართლის შეურაცხყოფის საბაბით დაწერილი კომენტარის გამო;
2025 წლის 30 მაისს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ სტუდენტებს, ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს. საბაბი დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფა იყო და ა.შ. თუმცა ამ დროს შსს-ში სიძულვილის ენის მონიტორინგისთვის ცალკე სამმართველო შექმნილი არ იყო.