არ აღიარებს, უარყოფს მასთან ნაცნობობას და იყენებს დუმილის უფლებას - მურსაკულოვის ადვოკატი

პუბლიკა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

„მე გუშინ შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, გავესაუბრე. რაც შეეხება აღიარებას, იგი არ აღიარებს და საერთოდ უარყოფს მასთან ნაცნობობას, შეხვედრაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ამასთან დაკავშირებით დუმილს იყენებს, ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია“, – აცხადებს ადვოკატი.

საგამოძიებო უწყების მიერ ნახსენებ მტკიცებულებებზე კი ადვოკატი ამბობს, რომ მასალები ჯერ არ ჩაბარებია, ამიტომ ამ ნაწილზე კომენტარს ვერ გააკეთებს.


ავსტრალიელი შანაი ბრუკი 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, საღამოს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

ის საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.

ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შსს ბრუკზე თავდამსხმელს ეძებდა, გამოძიებას კი განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებდა.