მნიშვნელოვანია, რომ Mu იქნება თუ სხვა შტამი, მას დავხვდეთ იმუნური დაცვით - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი Mu შტამის ქცევის პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია. როგორც ის ამბობს, გამოსავალი ამ ვითარებიდან ვაქცინაციის ტემპის გაზრდაა, რათა მოსახლეობაში იმუნური ფენა შეიქმნას. გაბუნიას თქმით,  მეცნიერები უშვებენ, რომ ამ შტამთან და სხვა ნებისმიერ ახალ ვარიაციასთან მიმართებით ვაქცინა ეფექტური იქნება.

„ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, რთულია ამაზე ახლა საუბარი. მაგრამ მთავარი დაცვა არის ჩვენთვის ის, რომ ახალ შტამს დახვდეს საკმაოდ ძლიერი იმუნური ფენა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. ამდენად,  ჩვენთვის ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რომ ახალი შტამი, MU იქნება ეს თუ სხვა, რომლის ქცევის პროგნოზირება ახლა წარმოუდგენელია, გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით…

დაშვება არის ის, რომ აქამდე რა ვარიაციები არსებობს, ყველასთან მიმართებით ვაქცინები არის ძალიან ეფექტური. ვაქცინებს ეფექტურობა ახალ შტამებთან არ შეუცვლია. აქედან გამომდინარე,  დღეს მეცნიერება აკეთებს იმავედაშვებას, რასაც სხვა შტამის შემთხვევაში, რომ  Mu შტამთან და ნებისმიერ ახალ ვარიაციასთან მიმართებით ვაქცინა, ეფექტური, დიდი ალბათობით, მაღალეფექტური იქნება. თუმცა 100%-იანი სიზუსტით ამის თქმა არავის შეუძლია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid 19-ის ახალ ვარიანტზე კვლევებს ატარებს. ახალ შტამს სახელად Mu ეწოდა.

Mu, იგივე B.1.621 პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა, ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს მეზობლად, თურქეთშიც.