„თვითონ ვწყვეტთ ვინ, როდის და რა ამპლუაში მოვიწვიოთ“ | „იმედი“ გიორგი გახარიას პასუხობს

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცეკებს განცხადებას, სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პასუხობს. გიორგი გახარიამ გუშინ ტელეკომპანიას მიმართა პირდაპირი ეთერის დათმობაზე.

„გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ გააიგივა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან. მეტიც, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დაგვდო, თითქოს ჩვენ ვუმალავთ მაყურებელს რეალობას და ვდგამთ „მოდელირებულ ქრონიკებს“. ასეთი დემაგოგიური საუბარი იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ახლა კი ყველაზე მთავარი – ტელეკომპანია „იმედი“ არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე, “- ნათქვამი „იმედის“ განცხადებაში.