საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაჩქარებულია და მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია.
ქარდავა წერილში სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან.
„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება “ქართული ოცნების” მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელსაც უკვე მერამდენედ უწევს სწორი არჩევანის გაკეთება რუსულ სამყაროსა და იმ დასავლური განვითარების მოდელს შორის, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების სახით შეირგო, გამოსცადა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუკავშირა. სწორ არჩევანს დაცვა სჭირდება.
მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას – რაც სახეზეა.
რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული. (მეგის ქარდავას აღნიშნულ განცხადებას პოსტის სახით ვდებ მისი მეუღლე)“, – წერია მეგის ქარდავას „ფეისბუქგვერდზე“.
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი რამდენიმე, მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.