სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებას - ჩხაიძე

პუბლიკა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე პრობლემურად აფასებს ვაცინაციის ტემპს და ამბობს, რომ, თუკი ამ ტემპით გაგრძელდება, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანაში ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებას.

„7 720 ვაქცინირებული ადამიანი ერთი დღის განმავლობაში – ასეთი მაჩვენებელი ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ციფრები ამ კვირის განმავლობაში და ისევ დავუბრუნდებით თუ არა 20-ათასიან ზღურბლს, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულების თვალსაზრისით… ძალიან საგანგაშო ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემცირებას სწრაფად მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა ჩხაიძემ „მაესტროს“ ეთერში.

აცრების რაოდენობის შემცირების მიზეზებზე საუბრისას ჩხაიძე ამბობს, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანაში არის ადამიანების არცთუ მცირე რაოდენობა, რომლებსაც გარკვეული შიში აქვთ ვაქცინაციის მიმართ და ვაქცინაციას არ მიიჩნევენ უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, მისი შეფასებით, ვაქცინაციაზე უარის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა სათანადოდ არ აფასებს ვირუსის დამაზიანებელ ეფექტს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  აიცრა 7 720 ადამიანი;

20 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა;

სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.2%;

სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.8%.