ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის დამატებით წინადადებებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლასებში სწავლის დაწყების შესაძლო თარიღი 4 ოქტომბერია, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასტაბილურდეს ვითარება და დადებითობის მაჩვენებელი იყოს დაბალი.
„სკოლების გახსნა და გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნება ჩვენთვის მთავარი მიზანია. მნიშვნელოვანია, რომ გახსნის შემდეგ აღარ მოგვიხდეს თავიდან დახურვა. ამასთან დაკავშირებით [სკოლების უსაფრთხო გახსნა] ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ამზადებს წინადადებებს სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, 4 ოქტომბერია ის თარიღი, როცა ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე უკეთესია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სკოლების გახსნაზე ncdc-ის წარმომადგენლის განცხადებების მიხედვით, სკოლებში პირისპირ სწავლება იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო სწავლება ონლაინფორმატში მიმდინარეობს.