ზალკალიანი: მუქარის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა თბილისში პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, მუქარის მიუხედავად, საქართველოში პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახდა და ხელისუფლება ლგბტი პირთა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას ყურადღებას უთმობს. ამის შესახებ ზალკალიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეაზე ისაუბრა, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში წარსდგა.

ლგბტ უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა ბელგიელმა დეპუტატმა ფურატ ბენ ჩიკამ დაუსვა.

„ლგბტ საკითხებს სისტემატურად იყენებენ ინსტრუმენტად საქართველოში სხვადასხვა ჯგუფს შორის სიძულვილის გასაღვივებლად. მაგალითად, პრაიდზე ივლისში და ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე, ნოემბერში, როცა საზოგადოება გაიყო“, – მიმართა ზალკალიანს ბენ ჩიკამ და ჰკითხა, როგორ აპირებს საქართველო ლგბტ მოქალაქეების უფლებების დაცვას და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას, თანაც, მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით.

დავით ზალკალიანმა დეპუტატს უპასუხა, რომ სექსუალური ორენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მაგრამ, ამის მიუხედავად, ლგბტი პირების უფლებების პატივისცემა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ზალკალიანის თქმით, ევრსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და თავიდან აიცილონ მსგავსი დისკრიმინაცია.

„მიგვაჩნია, რომ მათ ასევე უნდა აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, რომ 2010 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო წევრი ქვეყნებისადმი რეკომენდაციები, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს ეხებოდა. ეს რეკომენდაციები წარმოადგენს საერთო საფუძველს ევროპული ქვეყნებისთვის.

თებერვალში მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ახალ ანგარიშს ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც ეს ანგარიში გასაჯაროვდება. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი სიტუაციაც. ჩვენ განვაახლეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა დისკრიმინაციის საფუძველის გაფართოებით და მასში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებით. ამ ზომებს თან ახლავს შესაბამისი ორგანოების შექმნა, საინფორმაციო კამპანიები და კვლევების ჩატარება.

მუქარის მიუხედავად, პრაიდის ღონისძიებები თბილისში უსაფრთხოდ ჩატარდა. ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და ლგბტი პირთათვის შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.