ინსპექტორმა პოლიციისთვის კამერების ჩანაწერების გადაცემის გამო დაგვაჯარიმა - „მწვანე სკოლა“

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.

„მწვანე სკოლის“ დირექტორმა კახა დავითურმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ საუბარია პოლიციის მოთხოვნისამებრ კამერების ჩანაწერების მათთვის გადაცემაზე, რაც, მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა არ შეიძლებოდა, შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. მისივე თქმით სკოლა ჯარიმის გასაჩივრებას არ აპირებს,-  „ეს საკითხი გაირკვა როგორც კი გამოძიება დაიწყო“.

ლონდა თოლორაიამ დღეს ასევე განაცხადა, რომ ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. ამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით. რაც შეეხება „მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.