საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით წერილს აქვეყნებს.
სააკაშვილი წერს, რომ მის მიმართ გამოტანილი სასჯელისა და პატიმრობის კანონიერებას მსოფლიოში არავინ არ აღიარებს, რუსეთის გარდა. ზელენსკის გამოხმაურებამ კი, რომელიც მაღალი კლასის სახელმწიფო მოღვაწის განცხადება იყო, მასზე ძალიან იმოქმედა.
„საქართველო ჩემი ცხოვრების სიყვარულია, მაგრამ მე ასევე ვაღმერთებ უკრაინას – ჩემს მეორე სამშბოლოს, სადაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი გავატარე, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები, ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები ამაყი, რომ მქონდა შესაძლებლობა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა იმ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში, რომელიც თქვენი ლიდერობით ხდება.
ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა ტუსაღის დასაცავად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.