მოქალაქე დეა ადამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რუსთავში მარდალეიშვილის კლინიკაში ჯერ კიდევ ცოცხალი პაციენტი მორგში გადაიყვანეს. ფაქტზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაასრულა და ადამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
კლინკის წარმომადგენელი დეა ადამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მისივე თქმით, კლინიკა ბრალდებებზე საპასუხოდ საჯარო განმარტების გაკეთებას არ გეგმავს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ სააგენტოს წარმომადგენლები გუშინ, 18 ოქტომბერს იმყოფებოდნენ კლინიკაში, შეისწავლეს კონკრტული პაციენტის ისტორია და დეა ადამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. არ გამოვლენილა სხვა სახის დარღვევაც.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსთავში მდებარე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დამატებით, არც პაციენტების ოჯახის წევრები აფიქსირებენ პრეტენზიას. აღნიშნულ ფაქტზე სააგენტოში, პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის საჩივარი არ შემოსულა“, – აცხადებენ სააგენტოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.