კუჭავა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯარიმის თანხას ფონდში ჩარიცხავს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა,  რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, განცხადებით ეხმაურება მოსამართლის გადაწყვეტილებას:

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.

თუმცა მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, – წერს კუჭავა.


პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ლოგოიანი პირბადით მივიდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელი არ დაუკისრებია.